თანამედროვე გამოწვევები და ქვეყნის განვითარების თეორიული წინაპირობები
თანამედროვე მსოფლიოსთვის დამახასიათებელი ურთულესი გამოწვევები, თავისი ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, საფრთხის შემცვლელი განსაკუთრებით მცირე ზომის განვითარებადი ქვეყნებისათვის ხდება, ვინაიდან მათ უჭირთ ახალ რეალობასთან ადვილად ადაპტირება და სტაბილური განვითარების შენარჩუნება.
რამდენად არიან მზად ის პოლიტიკური ჯგუფები რომლებსაც გაცხადებული აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, იმ გარე თუ შიდა ფაქტორებით განპირობებული გამოწვევების დასაძლევად რომლებმაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, შესაძლოა სხვადასხვა სირთულის პრობლემები წარმოშვას, მეტყველებს მათი პრაგმატული ხედვები, მათი რესურსები და მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები, რომელიც ვერ შემოიფარგლება მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრებით და მათთვის კეთილი მომავლის იმედის გაჩენის მცდელობით. ქვეყნის წინაშე მდგარი გარე ფაქტორების გავლენის უარყოფითი შედეგები შესაძლოა გამოწვეული იყოს:
ა). გლობალიზაციით (იგი გულისხმობს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის კვალდაკვალ სახელმწიფოებისა და ცალკეული ერების ინტეგრაციის პროცესს, ზრდის სხვადასხვა სახელმწიფოთა ურთიერთგავლენისა და ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს და მოითხოვს დამატებით ძალისხმევას ქვეყნის ფინანსური თუ ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად);
ბ). მსხვილი საინვესტიციო კორპორაციების მხრიდან, მოცემული ქვეყნის მიმართ ინტერესების შენელებით, მათ მიერ ადრე გაცხადებული გლობალური სტრატეგიების ცვლილების გამო;
გ). ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნის ზრდითა და გასაღების ბაზრების ძიებით, რაც თავის მხრივ ქმნის წინაპირობებს ქვეყნის ეკონომიკური ექსპანსიისათვის. ხოლო იმისათვის, რომ ეკონომიკური ექსპანსია არ გასცდეს ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოებს (რაც ასევე ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება) და არ შეეხოს ცალკეული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოიძებნოს თავსებადობის შესაძლებლობა ღია ეკონომიკის პრინციპებსა და საკუთარი მეწარმეების პროტექციონისტულ დაცვას შორის ისე, რომ პირველ რიგში გარანტირებული იყოს მეწარმეთა ინტერესები და უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება. არც ერთი განვითარებადი ქვეყანა არ არის დაცული, უცხო ქვეყნის მხრიდან იმ ტიპის პოლიტიკის გავლენისაგან, რომელსაც ახორციელებდა იაპონიის მთავრობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებში კერძოდ, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობდა ეკონომიკურ შეღწევას რეგიონის ქვეყნებში „ეკონომიკური დიპლომატიის“ მეშვეობით, ვინაიდან ეს არის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ასეთი შეღწევის უზრუნველსაყოფად.
ამიტომ, მსგავსი სახის რისკების შესამცირებლად აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელი სამსახური.
ასეთ ცვალებად გარემოში ადაპტირებისათვის აუცილებელია, გარე ფაქტორების უარყოფითი გავლენის განეიტრალება ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების ხელშეწყობითა და გაძლიერებით, ხოლო თუკი ამ მიმართულებით საქართველოში მიღწეული შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ცხადი გახდება, რომ არსებითად ახალი ხედვები და მიდგომებია საჭირო.
მთავარი გამოწვევა, რომელიც ქვეყნის შიდა ფაქტორებითაა განსაზღვრული უმუშევრობა და სიღარიბეა ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით.
განვითარების დღევანდელ ეტაპზე მკაფიოდ ისიც კი არ არის გარკვეული, სამომავლოდ საქართველო აგრარულ თუ ინდუსტრიულ ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში, სამხრეთ კორეის მოსახლეობის 70% ცხოვრობდა სოფლის დასახლებებში, ხოლო დასაქმებული მოსახლეობის 50% დაკავებული იყო სასოფლო სამეურნეო საქმიანობით და ქმნიდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 27%-ს. შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად და ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს. სამხრეთ კორეაში, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში, ბოლო პერიოდში თანდათანობით შემცირდა ინდუსტრიალიზაციის შედეგად, რამაც ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას შეუწყო ხელი, ხოლო საქართველოში ამ მაჩვენებლის სიმცირე ჯერჯერობით არ უკავშირდება ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციის პროცესს.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ მზაობისათვის, ასევე მისი სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისათვის პოლიტიკური ნება არის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობა.
პოლიტიკური ნება აუცილებელი პირობაა იმისათვის რომ:
·
განხორციელდეს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა;
·
ჩამოყალიბდეს ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის;
·
უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;
·
მიღწეული იქნას კონკურენციული გარემო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში;
·
მოხდეს პოლიტიკური და ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ქვეყანაში არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზით, და ა.შ.
ხოლო ის, რომ მხოლოდ პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი პირობა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისათვის და მას შესაბამისი რესურსი სჭირდება, ამას ცხადყოფს არა მხოლოდ მსოფლიოში არსებული გამოცდილება, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიაც.
თუნდაც საქართველოში დაგროვილმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული პრობლემების მხოლოდ მექანიკური აღწერა და შემდგომ მისი მოგვარების შესახებ პოლიტიკური ნების გაჟღერება, (ეს რომ ასე ყოფილიყო, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით დღეს მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა გვქონოდა ქვეყანაში), არამედ აუცილებელია ქვეყნის შიდა რესურსების ფუნდამენტური ანალიზი და შეფასება, რომელთაგან ძირითადია:
·
ადამიანური რესურსების საკმარისობის ანალიზი და შეფასება (მათ შორის სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სფეროებში);
·
ბუნებრივი რესურსების ანალიზი და შეფასება;
·
ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზი და შეფასება;
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო რესურსების ანალიზი და შეფასება, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული ქვეყნებისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების (მათ შორის საფინანსო) მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ გაჟრებული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის მიმართ მხარდაჭერას, ან მინიმუმ კეთილგანწყობას მაინც.
ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელია იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეაფასონ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას, რა რესურსებს ფლობენ თავად და რა მიზნის მიღწევაა შესაძლებელი არსებული რესურსების პირობებში. ასევე უნდა განისაზღვროს როგორ აპირებენ ისინი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას, მათ მიერ გასატარებელი ღონისძიებების მიმართ. მოსახლეობის მიერ, მათთვის შეთავაზებული პროგრამებისა და ღირებულებების სამართლიანობის აღიარება, მდგომარეობს მათ დარწმუნებაში, რაც შეუძლებელია ყველა იმ რესურსის წარმოჩენის გარეშე, რომლითაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი იმედოვნებს შედეგის მიღწევას.
წლევანდელი არჩევნები საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე გასცემს პასუხს. რა არის საკმარისი არჩევნების მოსაგებად საქართველოში:
- ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციის პრაგმატული პროგრამისა და მისი რეალიზაციის რესურსის წარდგენა ამომრჩევლებისათვის;
- მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერის ქარიზმა და ფინანსური რესურსი;
- თუ სხვა რამ.
Комментариев нет:
Отправить комментарий